იდლიბის პროვინციაში თურქეთ-რუსეთის მორიგი ერთობლივი პატრულირება ჩატარდა
თურქმა და რუსმა სამხედროებმა იდლიბის პროვინციაში „ემ-4“-ის გზატკეცილზე რიგით მე-8 ერთობლივი პატრულირება განახორციელეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახმელეთო პატრულს ავტომაგისტრალზე თან ახლდა საჰაერო ელემენტები. 30 კილომეტრიან მაგისტრალზე მე-7 პატრულირება თურქმა და რუსმა სამხედროებმა 30 აპრილს განახორციელეს.
მიმდინარე წლის მარტში, თურქეთი და რუსეთი პროტოკოლზე შეთანხმდნენ, რომელიც მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ყველა სახის სამხედრო მოქმედება იდლიბის დეესკალციის ზონაში არსებული საკონტაქტო ხაზის გასწვრივ. პროტოკოლის თანახმად, თურქეთ-რუსეთის ერთობლივი პატრულირება 15 მარტს დაიწყო.
რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმია ამბოხებულებისა და ტერორისტული ჯგუფების კონტროლირებული იდლიბის აღებას ცდილობდა, თუმცა მოსკოვისა და ანკარას შეთანხმების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.