მაიკ პომპეომ სირიაში თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
მაიკ პომპეომ სირიაში თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სირიაში თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ამის შესახებ მაიკ პომპეომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სირიელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ახალი დამატებითი სანქციები ამოქმედდება. აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს კი ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იდლიბის პროვინციაში თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებაში პასუხისმგებელი რუსეთია, რომელიც ირანთან ერთად ასადის რეჟიმს უჭერს მხარს.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოკლა ათობით თურქი სამხედრო პერსონალი. ჩვენ ვდგავართ ნატო-ს მოკავშირე თურქეთთან და მისი დახმარების კუთხით განვიხილავთ დამატებით ზომებს“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ, თუმცა საუბრის დროს ამერიკელ დიპლომატს კონკრეტული ინციდენტი არ დაუსახელებია.

სირიაში, იდლიბის რეგიონში ავიაიერიშის შედეგად 34 თურქი ჯარისკაცი გასულ თვეში დაიღუპა. ანკარამ პასუხისმგებლობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს დააკისრა. რის შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ანკარა და მოსკოვი სირიაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს.

იდლიბის პროვინცია სირიაში არის უკანასკნელი რეგიონი, სადაც ასადის მოწინააღმდეგეები არიან გამაგრებულნი. ბოლო თვეებში რეგიონში ასადის რეჟიმის მიერ წარმოებულმა ოპერაციამ სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში ახალი ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა. ამ პერიოდში რეგიონში მილიონამდე ადგილობრივმა დატოვა.