იაგო ხვიჩია - პრეზიდენტს კონკრეტული პოზიცია არ ჰქონია, რომელი მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს და სად არის გამოსავალი ამ კრიზისული პროცესიდან
იაგო ხვიჩია - პრეზიდენტს კონკრეტული პოზიცია არ ჰქონია, რომელი მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს და სად არის გამოსავალი ამ კრიზისული პროცესიდან

პრეზიდენტის განცხადებას ნეიტრლურად შევაფასებდი, რადგან არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პრეზიდენტს შეუძლია, მოლოდინები გააჩინოს და შემდეგ არაფერი მოხდეს.

„მისი გუშინდელი განცხადებაც ასეთი იყო. კონკრეტული პოზიცია არ ჰქონია, რომელი მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს და სად არის გამოსავალი ამ კრიზისული პროცესიდან და განცხადება იმიტომ არ უნდა გააკეთო, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ჩაგესვლებოდეს და ქვეყნის პრეზიდენტს ვიზა, რომ მოგცეს სხვა ქვეყანამ ამიტომ ილაპარაკო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა ერთია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე აღნიშნა: „თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია“.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას აცნობოს, კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.