იაგო ხვიჩია - მგონია, მითქმა-მოთქმის გამოსარიცხად, საქართველოს ხელისუფლებამ ფოტიგას მსგავსი, პატივცემული სტუმრები სააკაშვილთან დაუბრკოლებლად უნდა შეუშვას
იაგო ხვიჩია - მგონია, მითქმა-მოთქმის გამოსარიცხად, საქართველოს ხელისუფლებამ ფოტიგას მსგავსი, პატივცემული სტუმრები სააკაშვილთან დაუბრკოლებლად უნდა შეუშვას

მგონია, მითქმა-მოთქმის გამოსარიცხად, საქართველოს ხელისუფლებამ ფოტიგას მსგავსი, პატივცემული სტუმრები სააკაშვილთან დაუბრკოლებლად უნდა შეუშვას, – აღნიშნა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტის წარმომადგენლის, ანა ფოტიგას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო.

„ჩვენ არ შეგვხვედრია. არ ვიცნობ ამ ქეისს, მათ შორის, არ ვიცნობ იურიდიულად, თუ როგორ და რამდენით არის რაღაც შესაძლებელი, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა იყოს ის, რომ ყოველგვარი ეჭვის და მითქმა-მოთქმის გამოსარიცხად, ასეთი პატივცემული სტუმრები, თავიანთ მეგობრებთან, პარტნიორებთან თუ ნაცნობებთან დაუბრკოლებლად შეუშვას და დაალაპარაკოს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა მისი თანაგუნდელის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე:„თურმე, რა მასშტაბის ბელადომანია ყოფილა ქვეყანაში, წაიშალა საზღვრები პარტიებს შორის, ყველა იმდენად გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, სახელად „მიშა“.

„არათუ ვეთანხმები, არამედ მგონია, რომ მანამდეც სუფევდა; უბრალოდ, ახლა ძალიან თვალსაჩინო გახდა. თორემ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მერე სულ ბელადების ეპოქაში ვცხოვრობთ და სულ ბელადებს ვეძებთ. ფაშას, როგორც ირაკლი ჩარკვიანი ამბობდა. ჩემი აზრით, გამოსავალი არის აზრზე მოსვლა. მიშას და ბიძინას იდეის ნაცვლად, სხვა რაღაც ნაციონალური იდეის ჩამოყალიბება, რომლის აღსასრულებლადაც ყველა ჩვენგანი ერთიანად ვიბრძოლებთ, რადგანაც ახლა შუაზე ვართ გაყოფილი. ნაწილი მიშას იდეას აწვება, ნაწილი ბიძინას იდეას. არის ხალხი, რომელსაც არც ერთი ეს არ გვაინტერესებს და ფაქტობრივად, ამ ორი ადამიანის და იმის გამო, რომ მათ მხარდამჭერებს ისინი ჰგონიათ იდეები, ქვეყანაში ფაქტობრივად ნორმალური იდეების გენერირება არის შეჩერებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოების გავრცელება მის სასარგებლოდ მუშაობს.

„მე დავინახე, რომ მიშას „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ძალით რეცხავს და ვახოს გაუჩნდა ასეთი ეჭვი, ხომ არ ემზადება „ქართული ოცნება“ „ნაცებისთვის“ ხელისუფლების გადასაბარებლად. იმიტომ, რომ ასეთი ვიდეოების გამოგდება სინამდვილეში მუშაობს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ. თქვენ გახსოვთ ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ესენი შეთანხმებული არიან. თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, მართლა როგორ შეიძლება ასეთი ვიდეოს გამოდება შენი ე.წ. მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. ეს არ ყოფილა ნამდვილად „ქართული ოცნებისთვის“ კარგი ვიდეო და ნამდვილად გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი მომხრეების თვალში ებრძვის რუსეთის იმპერიას და ასე შემდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მხრივ წააგო, თან ძალიან სავარაუდო იყო ეს. ყველა ჩვენგანი, ეს ვიდეო რომ გვქონოდა და გვეფიქრა, თუ დავდებთ, ეს ვისთვის იქნება ცუდი, ყველანი მივხვდებოდით, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არ იქნებოდა ცუდი და მაინც გააკეთეს. იფიქრეთ ამაზე. რატომ გადაიყვანეს, ხომ შეუძლია, მინიმუმ კითხვა დასვას – რატომ გადავყავართ ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე. შესაბამისად, იმდენი რამე არ ვიცით, რომ მაგაზე როგორ ვილაპარაკოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.