ვახტანგ მეგრელიშვილი - თურმე, რა მასშტაბის ბელადომანია ყოფილა ქვეყანაში, წაიშალა საზღვრები პარტიებს შორის, ყველა იმდენად გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, სახელად „მიშა“
ვახტანგ მეგრელიშვილი - თურმე, რა მასშტაბის ბელადომანია ყოფილა ქვეყანაში, წაიშალა საზღვრები პარტიებს შორის, ყველა იმდენად გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, სახელად „მიშა“

თურმე, რა მასშტაბის ბელადომანია ყოფილა ქვეყანაში, წაიშალა საზღვრები პარტიებს შორის, ყველა იმდენად გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, სახელად „მიშა“, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ვახტანგ მეგრელიშვილმა უპასუხა შეკითხვას, რატომ პასიურობს პარტია „გირჩი“:

„ჩვენი აზრით, ჩვენ ვართ ყველაზე თანმიმდევრული ადამიანები, ფაქტობრივად ვანგასავით გამოგვდის, რაღაცებს ვწინასწარვმეტყველებთ, მერე ეს რაღაცები ხდება. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს არჩევნებზე, ისევე, როგორც ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ბუნებრივია, ჩვენ ასეთი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია პროცესებზე. აქედან გამომდინარე, თავსაც ასეთი გამოდებით არ ვიდებთ; მაგრამ, ზოგადად, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ კონტექსტი წარმოვიდგინოთ, ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც უიდეო ბრძოლას, ბრძოლას ხელისუფლებისთვის, არა ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, არამედ რაღაცნაირად, ხელისუფლებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ამან ძალიან ბევრი რაღაცები გვაჩვენა. მათ შორის, დაკვირვებით, რომ თურმე რა მასშტაბის ბელადომანია ყოფილა ქვეყანაში, რა მასშტაბის პიროვნების კულტს ნერგავს მედია საზოგადოებაში. ეს ძალიან საინტერესოა და ჩვენ ძირითადად ვაკვირდებით, ვემზადებით გრძელვადიანი თამაშისთვის, რომელიც სავარაუდოდ ამ კრიზისის დასრულების მერე რაღაც ფორმას მიიღებს.

ბელადომანიაში ვგულისხმობ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ძალიან ნათლად გამოჩნდა, როგორ ცდილობს ქართული პოლიტიკური სპექტრი მისი მზისა თუ ჩრდილის ქვეშ ადგილის მოპოვებას. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვგულისხმობ, ბუნებრივია. რა გამოსვლებსაც ვისმენთ მედიაში, როგორია დამოკიდებულება, დაწყებული იქიდან, რომ ჩვენ ლილიპუტები, ის რაღაც გმირი, ჩვენ ვინ ვართ, ის არის. ჩემი აზრით, თუ რამეს ეწინააღმდეგებოდა „გირჩი“ და თუ რამის წინააღმდეგი იყო იდეა „გირჩის“, იყო ბელადომანიის წინააღმდეგი, რომ რაციონალურ საფუძვლებზე თანამოაზრეებს რაღაცა მოგვეფიქრებინა.

ფაქტობრივად, სრულად წაიშალა ყველანაირი საზღვრები, ასე ვთქვათ, პარტიებს შორის, იმდენად ყველა გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, რომელიც არის სახელად „მიშა“ და მეორე იდეა, რომელიც ამას უპირისპირდება, არის სახელად „ბიძინა“; ამ ადამიანების ამ ურთიერთბრძოლაში ჩვენი ადგილი სამწუხაროდ არ არის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ არის და აქედან გამომდინარე, „გირჩის“ პოზიცია ასეთი პასიურია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.