ჰუბერტ ქნირში - საქართველოში აშკარაა საფრთხე, რომ პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ, ეს ნათელია, როდესაც კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის ტვირთს
პარტიები ხშირად მისდევენ პოლიტიკის გააზრებას, რომლის დროსაც მეორე მხარესთან ბრძოლა საზოგადოების მსახურებაზე წინ დგას, თუ ეს არ შეჩერდება, ეს იქნება ბრძოლა გემზე, რომელიც იძირება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს საქართველოში აშკარაა საფრთხე, რომ პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ. ეს ნათელია იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის უღელს. ამასთან, ზოგადად, პარტიები ხშირად მისდევენ პოლიტიკის გააზრებას, რომლის დროსაც მეორე მხარესთან ბრძოლა საზოგადოების მსახურებაზე წინ დგას. თუ ეს არ შეჩერდება, ეს იქნება ბრძოლა გემზე, რომელიც იძირება. მე ამას ვამბობ, როგორც გარე დამკვირვებელი, მაგრამ ეს ჩვენ გარეშეც იცით. დემოკრატია არ არის ის, რასაც აკეთებ ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მოსაწონებლად. არც კრემლში ხალხის გასაღიზიანებლად. თქვენ ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობისთვის, როგორც ერი – და იმიტომ, რომ თქვენ დავალებული ხართ მისი ისტორიის წინაშე. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, მოვისმინო მეტი ბოლო ასწლეულის კვლევებთან დაკავშირებით. მე მივესალმები, რომ თსუ-მ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა გააძლიერა კვლევები საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციისა და საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი“.