ჰუბერტ ქნირში გერმანიაში მცხოვრები ქართველების წერილს პასუხობს - პატივს ვცემ თქვენს პოლიტიკურ ხედვას, იგივე პატივისცემას იმსახურებს თქვენი თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს, ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“
საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გერმანიაში მცხოვრები ქართველების მიერ 3 მარტს მისთვის გაგზავნილ ღია წერილს უპასუხა. ელჩის წერილის ქართული თარგმანი „ფეისბუქში“ გერმანიის საელჩოს გვერდზე გავრცელდა.
„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში.
საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას.
ამიტომ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ. გასულ წელს ფასილიტატორის რანგში ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, სადაც პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში.
რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“.
იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად.
დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.
ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს“, – წერს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში.
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გერმანიაში მცხოვრები ქართველების 2021 წლის 3 მარტის მის მიმართ გამოგზავნილ ღია წერილს…
Posted by Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი on შაბათი, 06 მარტი, 2021