„ჰოკეის ნაციონალური ლიგა“ კვირის სამ ვარსკვლავს ასახელებს
„ჰოკეის ნაციონალური ლიგა“ კვირის სამ ვარსკვლავს ასახელებს

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ ახალ სეზონში პირველად გამოავლინა კვირის სამი ვარსკვლავი.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი ერგო „ნიუ იორკ რეინჯერსის“ ფორვარდს მიკა ზიბანეჯადს. მან გასულ კვირას ორი მატჩი ჩაატარა და თითოში ოთხი ქულა მოიპოვა. შესაბამისად, 26 წლის შვედის ანგარიშზე რვა ქულა (4 შაიბა+4 პასი) მოდის. ერთ-ერთ მატჩში მიკამ ჰეთ-თრიკი შეასრულა – ეს მოხდა მისი ყოფილი კლუბის „ოტავას“ წინააღმდეგ. ბოლოს სეზონის ორი სასტარტო მატჩის შემდეგ რვა ქულა 1995-96 წლების სეზონში ჰქონდა ლეგენდარულ ჩეხს იარომირ იაგრს.

კვირის მეორე ვარსკვლავია „დეტროიტის“ ფორვარდი ენტონი მანტა. მას ორ მატჩში შვიდი ქულა დაუგროვდა – ხუთი გოლი და ორი გადაცემა. „დალასთან“ ანგარიშით 4:3 მოგებულ შეხვედრაში, 25 წლის მანტას ანგარიშზე პოკერი იყო.

მესამე ვარსკვლავი გახდა „ტორონტოს“ ფორვარდი ოსტონ მეტიუსი. მასაც სეზონის სტარტზე ხუთი გოლი დაუგროვდა, ოღონდ სამ მატჩში.