ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინა.
პირველი ვარსკვლავი გახდა „ვეგასის“ ფორვარდი მაქს პასიორეტი, რომელმაც ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 ქულა (5 გოლი+3 პასი) დააგროვა. „ვეგასმა“ ოთხიდან სამი თამაში მოიგო. პასიორეტიმ ოთხივე მატჩში გაიტანა გოლი, მათ შორის, გამარჯვების შაიბა „დალასთან“ შეხვედრაში (3:2).
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ოტავას“ფორვარდმა ენტონი დუკლემ. ის ბოლო შვიდი დღის საუკეთესო გოლეადორი იყო – ხუთი შაიბა გაიტანა, რასაც ერთი შედეგიანი პასი დაუმატა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი „კოლამბუსთან“ 4:3 მოგებულ მატჩში, როცა კარიერაში მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
კვირის მესამე ვარსკვლავია „ბაფალოს“ ცენტრალური თავდამსხმელი ჯეკ აიკელი. მას ზუსტად ისეთივე სტატისტიკა ჰქონდა, როგორიც დუკლეს – ხუთი გოლი და ერთი საგოლე პასი. აიკელი 16 მატჩია უქულოდ არ ტოვებს მოედანს და ეს ამ სეზონის სარეკორდო სერიაა.