ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა „ნიუ იორკ რეინჯერსის“ ფორვარდი მიკა ზიბანეჯადი, რომელმაც სამ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. 26 წლის შვედმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი „ვაშინგტონთან“ 6:5 მოგებულ მატჩში – ზიბანეჯადის ანგარიშზე ხუთი გოლი მოდის. ის გახდა მესამე ჰოკეისტი „რეინჯერსის“ ისტორიაში, ვინც ერთ თამაშში ხუთი შაიბა გაიტანა. გარდა ამისა, მეორე ჰოკეისტია ლიგის ისტორიაში სერგეი ფიოდოროვის შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში ხუთი გოლი მიითვალა და აქედან ერთი ოვერტაიმში გამარჯვების შაიბა იყო.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო კიდევ ერთმა შვედმა ჰოკეისტმა გაბრიელ ლანდესკოგმა. „კოლორადო ეველანშის“ ფორვარდმა ოთხ მატჩში ცხრა ქულა (3+6) დააგროვა. ლანდესკოგი რვა მატჩია ქულის გარეშე არ ტოვებს მოედანს.
კვირის მესამე ვარსკვლავია „ედმონტონ ოილერზის“ ფორვარდი ლეონ დრაიზაიტლი. მის ანგარიშზე ოთხ მატჩში რვა ქულა (4+4) მოდის. გერმანელმა კარიერაში პირველად გაიტანა ერთ მატჩში ოთხი გოლი – ეს მოხდა „ნეშვილთან“ 8:3 მოგებულ შეხვედრაში. დრაიზაიტლი 110 ქულით (43+67) რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.