ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ჩაატარა ცერემონია და ხუთ ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში სეზონის საუკეთესოები დაასახელა.
2019-20 წლების რეგულარულის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) პრიზი („ჰართ ტროფი“) მიიღო „ედმონტონის“ ფორვარდმა ლეონ დრაიზაიტლმა. 24 წლის გერმანელმა ამ ნომინაციაში აჯობა „რეინჯერსისა“ და „კოლორადოს“ ფორვარდებს – არტიომი პანარინსა და ნათან მაკინონს.
დრაიზაიტლი პირველი გერმანელია ისტორიაში, ვინც NHL-ის ყველაზე პრესტიჟული პრიზი მოიგო. მან გამოკითხვაში 1309 ქულა მიიღო, მაკინონს ჰქონდა 1162 ქულა და პანარინს – 369.
ეს სამი ჰოკეისტი იყო წარმოდგენილი ასევე „ტედ ლინდსეი ევორდის“ ნომინაციაში. ეს პრიზი გადაეცემა სეზონის საუკეთესო მოთამაშეს ლიგის ჰოკეისტთა პროფკავშირის წევრების ვერსიით. აქაც გამარჯვება დრაიზაიტლმა მოიპოვა.
სხვა პრიზების მფლობელები:
საუკეთესო მეკარე (ვეზინა ტროფი) – კონორ ჰელებაიკი (ვინიპეგი)
საუკეთესო მცველი (ჯეიმს ნორის ტროფი) – რომან იოზი (ნეშვილი)
საუკეთესო ახალბედა (კოლდერ ტროფი) – კეილ მაკარი (კოლორადო)
ასევე ლიგამ დაასახელა სეზონის სიმბოლური ნაკრებები.
პირველ გუნდში მოხვდნენ:
კონორ ჰელებაიკი (ვინიპეგი) – ჯონ კარლსონი (ვაშინგტონი), რომან იოზი (ნეშვილი) – ლეონ დრაიზაიტლი (ედმონტონი), დავიდ პასტრნიაკი (ბოსტონი), არტიომი პანარინი (რეინჯერსი);
მეორე გუნდში არიან:
ტუუკა რასკი (ბოსტონი) – ვიქტორ ჰედმანი (ტამპა ბეი), ალექს პიეტრანჯელო (სენტ ლუისი) – ნათან მაკინონი (კოლორადო), ნიკიტა კუჩეროვი (ტამპა ბეი), ბრედ მარშანი (ბოსტონი).