ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონი, რომელიც 22 დეკემბერს კორონავირუსის გამო შეწყდა, დათქმულ ვადაზე ერთი დღით გვიან განახლდება. ამის შესახებ იტყობინება ლიგის პრესსამსახური.
იგეგმებოდა, რომ რეგულარული ჩემპიონატის თამაშები ორშაბათს, 27 დეკემბერს განახლდებოდა. მაგრამ ამ დღეს დაგეგმილი მატჩები გადატანილია. ასე რომ, რეგულარული ჩემპიონატის რესტარტი 28 დეკემბერს უნდა შედგეს.
„ლიგა 27 დეკემბერს გეგმავდა მატჩების განახლებას, მაგრამ იმისთვის, რომ შესაძლებლობა გვქონდეს გავაანალიზოთ მოთამაშეთა ტესტირების შედეგები და შევაფასოთ კლუბების მზადყოფნა რესტარტისთვის, განახლების ვადა ერთი დღით გადაიწია. გუნდები ვარჯიშებს 26 დეკემბერს დაუბრუნდებიან. ელოდებიან, რომ NHL ორშაბათს წარმოადგენს განახლებულ ინფორმაციას თამაშების განრიგის შესახებ“, – წერია ლიგის განცხადებაში.