ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ყინულის მანქანის მძღოლმა ითამაშა და მოიგო (ვიდეო)
უცნაური ამბავი მოხდა ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში, რომელშიც „ტორონტო“ და „კაროლინა“ ხვდებოდნენ ერთმანეთს.
„კაროლინას“ ორივე მეკარემ – ჯეიმს რაიმერმა და პეტრ მრაზეკმა ტრავმები მიიღეს და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლეს. იმის გამო, რომ გუნდს განაცხადში მეკარე აღარ ჰყავდა, საჭირო გახდა უკიდურეს ნაბიჯზე წასვლა.
„კაროლინას“ კარში ადგილი დაიკავა ტორონტოს არენაზე ყინულის ჩამსხმელი მანქანის მძღოლმა დევიდ ეირზმა.
მეორე პერიოდში 42 წლის მამაკაცმა, რომელსაც პროფესიულ დონეზე არასოდეს უთამაშია, სამ დარტყმაში ორი შაიბა გაუშვა, მაგრამ ბოლო 20-წუთეულში თავისი გუნდი შვიდჯერ გადაარჩინა და „კაროლინამ“ 6:3 მოიგო.
2014-15 წლების სეზონში დევიდ ეირზმა კანადის სამოყვარულო ლიგაში ოთხ გუნდში რვა მატჩი ჩაატარა.