ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა გამოაქვეყნა სეზონის განახლების პროტოკოლი. მისი მიხედვით, სტენლის თასის პლეი ოფის წინასწარი რაუნდი პირველ აგვისტოს დაიწყება.
13 ივლისს, ლიგის კლუბებში გაიხსნება საწვრთნელი ბანაკები, 26 ივლისს გუნდები გაემგზავრებიან ქალაქებში, რომლებიც პლეი ოფის მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას. ქალაქების სახელები ჯერ ცნობილი არაა.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა. სტენლის თასისთვის იბრძოლებს 24 კლუბი, რომლებსაც რეგულარულის შეწყვეტის მომენტში მოგებების ყველაზე მაღალი პროცენტი ჰქონდათ. პლეი ოფში ვერ მოხვდნენ: „ოტავა“, „დეტროიტი“, „ბაფალო“, „ნიუ ჯერსი“, „ლოს ანჯელესი“, „სან ხოსე” და „ანაჰაიმი“.