ჰარი მაგუაირი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მცველი ხდება
ჰარი მაგუაირი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მცველი ხდება

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ლესტერისა“ და ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

„ლესტერი“ დათანხმდა „იუნაიტედის“ ბოლო შეთავაზებას – მანჩესტერულმა კლუბმა 85 მილიონი ფუნტის გადახდაზე მზადყოფნა გამოთქვა. ეს ინფორმაცია „ატალანტასთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ „ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმაც დაადასტურა.

„კლუბებმა ტრანსფერის თანხა შეათანხმეს. ეს არის ბიზნესის შესანიშნავი მაგალითი. ჰარი ტოპ-დონის მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია. მან იცოდა, რომ მის მიმართ ინტერესი იყო, მაგრამ პროფესიონალად რჩებოდა“, – განუცხადა როჯერსმა გაზეთ „სანს“ (The Sun).

2017 წელს, „ლესტერმა“ მაგუაირი „ჰალიდან“ 12 მილიონ ფუნტად შეიძინა.

თუ ეს ტრანსფერი შედგა, 26 წლის მაგუაირი გახდება ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველი ფეხბურთის ისტორიაში. ჯერჯერობით, ეს რეკორდი ჰოლანდიელ ვირჯილ ვან დაიკს ეკუთვნის, რომელიც 2018 წლის იანვარში „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონიდან“ 75 მილიონ ფუნტად შეიძინა.

ელოდებიან, რომ მაგუაირი 3 აგვისტოს გაივლის სამედიცინო შემოწმებას „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“, რის შემდეგაც მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.