„ჰამასი“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ გეგმავს გენოციდისა და იძულებით გადაადგილების მიდგომის გაგრძელებას, მისი ქმედებები წარმოადგენს მოლაპარაკებების კურსის მკაფიო ცვლილებას
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „გეგმავს გენოციდისა და იძულებით გადაადგილების მიდგომის გაგრძელებას პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ მეტი დანაშაულის ჩადენით“. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
განცხადებაში „ჰამასი“ აღნიშნავს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ქმედებები „წარმოადგენს მოლაპარაკებების კურსის მკაფიო ცვლილებას და ავლენს ფინალური რაუნდიდან მისი გასვლის ნამდვილ მოტივებს“.
როგორც „ბიბისი“ წერს, დაჯგუფებაში აღნიშნავენ, რომ „ახლოს იყვნენ“ საბოლოო შეთანხმებასთან. ამასთან, როგორც „ჰამასში“ განმარტავენ, ისრაელის ქმედებები ნიშნავს იმას, რომ ნეთანიაჰუ მზადაა, მსხვერპლად შესწიროს ღაზაში დარჩენილი ისრაელელი მძევლები და ემსახუროს მხოლოდ საკუთარ ინტერესებს. „ჰამასის“ განცხადებით, ღაზის ოკუპაციის მცდელობის შემთხვევაში ისრაელი მაღალ საფასურს გადაიხდის.
დაჯგუფება ასევე მოუწოდებს არაბულ და ისლამურ ქვეყნებს, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, „დაგმონ და უარყონ ეს საშიში განცხადებები და მიიღონ ზომები აგრესიის შესაჩერებლად და ოკუპაციის დასასრულებლად“.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას არ მოახდენს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ტერიტორიაზე კონტროლის გადაცემას „გარდამავალი მმართველი ორგანოსთვის“ გეგმავს.