გუშინ აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის პროცესი გადაიდო და მოსამართლემ ის დარბაზიდან გაათავისუფლა
გუშინ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მაჩალიკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელსაც დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან, სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ დანას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებს.
„ვარ ქუჩაში და ვცხოვრობ კარავში. ცივი იარაღი პურის დასაჭრელად არის საჭირო“, – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი ადვოკატი მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არის უკანონო და აბსურდული.
„როგორც პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, მაჩალიკაშვილი დააკავეს სამი საფუძვლით, სამივე არის აბსურდული, უკანონო და დაუსაბუთებელი. თითქოს მაჩალიკაშვილი არ ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ასევე, ედავებიან ცივი იარაღის ტარებას. დღევანდელი სხდომა გადაიდო გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარე საჭიროებს საქმის მასალების სრულად გაცნობას, საპასუხო დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მოპოვებას და წარდგენას“, – აღნიშნავს ადვოკატი მარიამ პატარიძე.
საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც გუშინ პარლამენტთან გამართულ მდუმარე აქციაზე იმყოფებოდა, პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით 100 დაკავებულს შორის იყო.