გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე არც ბრალდებული გამოცხადდა და არც ადვოკატები. პროკურორ სანდრო გიორგაშვილის განცხადებით, ადვოკატებს სხდომაზე შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ.
დავით კირკიტაძის სასამართლოზე გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძეს პენიტენციური სისტემიდან აცნობეს. მოსამართლე აცხადებს, რომ პროცესი შესაძლოა, ხელოვნურად ჭიანურდება.
„პენიტენციური სისტემიდან გვაცნობეს, რომ დავით კირკიტაძე თავს შეუძლოდ გრძნობს და მისი ბადრაგირება ვერ განხორციელდებოდა, თუმცა მათვე გვითხრეს, რომ ექიმმა არ გასცა ცნობა მისი ავადმყოფობის შესახებ, რაც პროცესის გაჭიანურების მცდელობას ჰგავს”,- განაცხადა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ.
ბრალდების მხარის განმარტებით, პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში სასამართლოსთან იშუამდგომლებს დაკავებულისთვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნაზე.
მოსამართლის განცხადებით, შემდეგი სხდომის თარიღის შესახებ მხარეებს მხარეებს დამატებით ეცნობება.