დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გაგრძელდება
დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გაგრძელდება

​„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის ადვოკატი ბაადურ გულიაშვილი აცხადებს, რომ კირკიტაძის სასამართლო სხდომები კვლავ დახურულ რეჟიმში ჩატარდება.

3 აპრილს ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე დარბაზში ხმაურისა და სიცილის გამო მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, რის შემდეგაც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

კირკიტაძის ადვოკატების შუამდგომლობა შემდგომი სხდომების გახსნის შესახებ დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე სოფელ ველისციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამი მოწმე – საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაკითხეს.

დავით კირკიტაძის სასამართლოზე გურჯაანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არ გამოჩენილან.

კირკიტაძის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 19 აპრილს გაიმართება.