გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

„დღეს ოთხი მოწმე იქნება დაკითხული. მოწმეთა ძირითადი ნაწილი დაკითხული გვყავს და მალე დავასრულებთ ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევას“, – განაცხადა პროკურორმა, სანდრო გიორგაშვილმა.

კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვის ეტაპი დაიწყება.

„დაცვის მხარეს 26 მოწმე გვყავს. ჯერ ბრალდების მხარემ უნდა ამოწუროს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა დაკითხვა, ექსპერტიზები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

დაცვის მხარემ სხდომის ღია ფორმატში ჩატარება რამდენჯერმე მოითხოვა, თუმცა მოსამართლეს სხდომების დარხურვის გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

„მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება მართლწესრიგის მოტივით ბოლომდე ყოფილიყო სხდომა დახურული, რაც მიუღებელი და არასწორია, რადგან არ ყოფილა ამის საფუძველი, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებაა და ვერაფერს ვიზამთ“, – აცხადებს კირკიტაძის ადვოკატი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს.  მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.