დავით კირკიტაძე - შსს-მ აღგვიკვეთა გადაადგილების უფლება, მაგრამ მაინც გულწრფელად ვწუხდი, რომ ჩემსა და პოლიციელს შორის დაპირისპირება მოხდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ 16 დეკემბერს პოლიციელთან დაპირისპირების მიზანი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება იყო.
როგორც სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებულმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურდა მომიტინგეებისთვის, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, გაეხსნა გზა.
„ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, გამეთავისუფლებინა გზა აქციის მომიტინგეებისთვის და მიმეცა საშუალება თელავში ჩასულიყო ხალხი, რომელიც მიდიოდა ყველაზე უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ აღგვიკვეთა გადაადგილების უფლება, მაინც გულწრფელად, ადამიანურად ვწუხდი, რომ ეს დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის. ჩვენ პოლიციელის პრესტიჟზე ძალიან ვზრუნავთ. ჩემი და ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს, რომლებმაც ისინი ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან დღეს გათავისუფლდა. დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.