გურამ თუშიშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი საქართველოში დაბრუნდნენ
გურამ თუშიშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი საქართველოში დაბრუნდნენ

დიუსელდორფში, გრანდ სლემზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ძიუდოისტები გურამ თუშიშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი სამშობლოში დაბრუნდნენ.

როგორც გურამ თუშიშვილმა განაცხადა, მცირე ტრავმების მიუხედავად, ჩემპიონი გახდა, თუმცა მთავარი მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებაა.

„გახარებული ვარ. წელს ჩემი პირველი შეჯიბრი იყო. შევეცადე და გავხდი ჩემპიონი. მცირედი ტრავმები მქონდა, მოვირჩინე და ახლა სრული დატვირთვით ვემზადები უკვე შემდეგი შეჯიბრისთვის. შემდეგი შეჯიბრი ჯერ ზუსტად არ ვიცით, მწვრთნელებთან არის დასაგეგმი და გასავლელი. მთავარი მიზანი მაინც ოლიმპიური თამაშებია ზაფხულში. შერკინება, ხუთი ბრძოლა მომიწია. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ, ლიდერები არ იყვნენ და საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები იყვნენ. ყველა შეხვედრა დაძაბული იყო, რაც, ვფიქრობ, წამადგება შემდეგ ტურნირებზე“, – განაცხადა გურამ თუშიშვილმა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის, გურამ მოდებაძის თქმით, დიუსელდორფის გრანდ სლემი ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო.

„ოთხი მედალი ავიღეთ. აქედან ორი ოქროს, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. იყო საშუალება, რომ ბიჭები კიდევ კარგად გამოსულიყვნენ, იყო რამოდენიმე ისეთი შემთხვევა, რომ კიდევ შეიძლებოდა, ორი მედალი აგვეღო გარკვეულ წონით კატეგორიებში. მაგრამ ამით არ მთავრდება, წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, შეჯიბრებია ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ამით გავიმყარებთ იმედებს და შემდეგი შეჯიბრი ჩვენი იქნება მარაქეშში. შემდეგ მოდის ჩვენი ტურნირი და ბოლოს უკვე თურქეთის გრან პრი. ამ შეჯიბრებებიდან კიდევ გამოვლინება გარკვეულ წონით კატეგორიებში ლიდერები და შემდგომ უკვე ვისმჯელებთ, ვინ სად, როგორ იჭიდავებს“, – განაცხადა გურამ მოდებაძემ.

დიუსელდორფში, გრანდ სლემზე გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, რის შედეგადაც, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ბექა ღვინიაშვილს, ის დიუსელდორფის გრანდ სლემზე  ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ვერცხლის მედალს დასჯერდა ვაჟა მარგველაშვილი.

დატოვე კომენტარი