გურამ ფალავანდიშვილი - უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს
გურამ ფალავანდიშვილი - უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს

უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს, – ამის შესახებ საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს სასამართლოში, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გამართული კონტრაქციისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ფალავანდიშვილის შეფასებით, დაკავებულები ქართველი პატრიოტები არიან.

„მინდა, მადლობა ვუთხრა მათ, ვინც იმ ოთახში არიან დაკავებული დროებით. ესენი არიან ქართველი პატრიოტები, ვინც წესრიგს და ჩვენს ქალაქს ძალადობისგან იცავენ. უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს. როცა სახელმწიფო არის ვალდებული, ძალით აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა, ცუდი საქმეები და ამას არ აკეთებს, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება თავის ხელში და ხალხმა თვითონ აღკვეთოს ეს უწესრიგობა. როცა მრავალშვილიან მამებსა და ქართველ ვაჟკაცებს დააპატიმრებ, რომელთაც წესრიგის დაცვა სურთ, შენ უკვე მოძალადე სახელმწიფო ხარ და არა სამართალდამცველი“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისი თქმით, კონტრაქციის მონაწილეები სამართალს იცავდნენ, რათა აღეკვეთათ უწესრიგობა.

„როცა ჰომოსექსუალიზმს შუა ქალაქში კორდონს უკეთებ, რომ ჰომოსექსუალიზმი იქადაგონ, ეს ყველა უწესობაზე უარესია. ეს არის სიბილწე, ერის სულიერი და ფიზიკური გაუპატიურება. ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი ქალაქი დავიცვათ და სიმშვიდე დავამყაროთ“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ამასთან, ფალავანდიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა, ხვალ „ვერის ბაღში“ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით.

„ხვალ, 20:00 საათზე მამაკაცები მთელი საქართველოდან ვიკრიბებით „ვერის ბაღში“. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი მხრიდან, აჭარიდან 250 კაცამდე მოდის, მოდიან ასევე ყაზბეგიდან, სვანეთიდან. მილიონი ამას არ სჭირდება, მაგრამ რამდენიც სჭირდება, იმდენი ქუდზე კაცი დადგება, რომ ვერ გაბედონ უწესრიგობა.

ამ ადამიანებს კლუბებიც კი აქვთ, მაგრამ არავის მიუკითხავს იქ, ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვართ და მათი გამოსწორება გვსურს“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ. ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.

ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. დააკავეს 28 პირი.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.