გრიგოლ ვაშაძე - სასამართლოს გამოაქვს პოლიტიკური განაჩენი, ყველა, ვინც ოპოზიციაში ვართ, ადრე თუ გვიან, ალბათ ასე დავასრულებთ
გრიგოლ ვაშაძე - სასამართლოს გამოაქვს პოლიტიკური განაჩენი, ყველა, ვინც ოპოზიციაში ვართ, ადრე თუ გვიან, ალბათ ასე დავასრულებთ

ყველა, ვინც ოპოზიციაში ვართ, ადრე თუ გვიან, ალბათ, ასე დავასრულებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა უნდა დაიწყოს.

მისი შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს.

„თქვენ ხართ საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის მომსწრე, ესწრებით პოლიტიკურ პროცესებს, უყურებთ პოლიტიკურ რეპრესიებს, აკვირდებით, როგორ გამოაქვს სასამართლოს პოლიტიკური განაჩენი. არც სისხლის სამართალთან, არც მორალთან, არაფერთან კავშირი ამას არ აქვს. ყველა, ვინც ოპოზიციაში ვართ, ადრე თუ გვიან, ალბათ ასე დავასრულებთ, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა.  პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

პროკურატურამ  ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილება გუშინ გააცნო.

ამასთან, როგორც ნიკა გვარამიამ გუშინ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, პროკურატურას ორი არჩევანი აქვს – მისი თავისუფლება ან პატიმრობა, რადგან არანაირ გირაოს არ გადაიხდის.