ნიკა გვარამია - ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა, არ მოგცემთ მესამე ვარიანტის შესაძლებლობას, არ გადავიხდი გირაოს
ნიკა გვარამია - ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა, არ მოგცემთ მესამე ვარიანტის შესაძლებლობას, არ გადავიხდი გირაოს

ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა, არ მოგცემთ მესამე ვარიანტის შესაძლებლობას, არ გადავიხდი გირაოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ბრალის გასაცნობად გამოცხადდა. მისი თქმით, ბოდიშს უხდის მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებს.

„პროკურატურას ვეუბნები, თქვენ გაქვთ ორი არჩევანი. ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში – ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა. მე არ მოგცემთ შესაძლებლობას არცერთი მესამე ვარიანტის. არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ – ვერ და დაბალს – არ. მე ვარ უდანაშაულო და არ გავაკეთებ კომპრომისს არავითარ შემთხვევაში. არანაირი შინაპატიმრობა, არანაირი სხვა – მე პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს მოგონილ თუ შეტანილ აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით წინასწარ, დავარღვევ ყველაფერს, არ დავემორჩილები, ამას ვეტყვი სასამართლოსაც.

გამორიცხულია, ვერც რაღაც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, ვერც გირაოს ვერ გადამახდევინებთ, ან პატიმრობა, ან თავისუფლება. მესამე არჩევანს მე არ გაძლევთ. ამის გამო, ბოდიშს ვუხდი მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან, მაგრამ არაუშავს. ჩვენ ავიტანთ. უარესიც აგვიტანია. იგივე ადამიანის გამო, იგივე ადამიანის, რომელსაც მე დავასამარებ, რომლის კაპიტულაციასაც ჩავიბარებ მე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საგამოძიებო უწყება ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილებას დღეს ოფიციალურად გააცნობს.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჯერ არ არის ცნობილი მთავარი პროკურატურა აღკვეთის რა ღონისძიების გამოიყენებს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ.