გრიგოლ ვაშაძე - მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი დაბრუნდა, თუ არ დაბრუნდა, ორივე შემთხვევაში, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო
გრიგოლ ვაშაძე - მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი დაბრუნდა, თუ არ დაბრუნდა, ორივე შემთხვევაში, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო

მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი დაბრუნდა, თუ არ დაბრუნდა სააკაშვილი, ორივე შემთხვევაში, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო, – ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებთ და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის რევოლუციური სცენარი დღეს დამანგრეველი იქნება.

„აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მნიშვნელობა არ აქვს, დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა. ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო და კიდევ ერთი მტკიცებულება არის იმის, რომ აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ამ საწყალი ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებს. კოლონები დაიძვრება თუ არ დაიძვრება, იმ კოლონებში მე ნამდვილად არ ვიქნები, ეს შემიძლია გითხრათ და რევოლუციური სცენარი საქართველოსთვის დღეს იქნება დამანგრეველი“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული. სააკაშვილის თქმით, „3 ოქტომბერს, დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ, კოლონები უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.