გრიგოლ ვაშაძე - ბიუროკრატია უნდა შემცირდეს არა ერთი ხელის მოსმით, არამედ გამოცდებით
გრიგოლ ვაშაძე - ბიუროკრატია უნდა შემცირდეს არა ერთი ხელის მოსმით, არამედ გამოცდებით

პენსიების მატება პირველივე წელს შეიძლება, მერე კი ნაბიჯ-ნაბიჯ ხელფასებისაც, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„ამის გაკეთება შეიძლება სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირებით, ბიუროკრატიის რაოდენობის შემცირებით, მაგრამ ისე კი არა, ერთი ხელის მოსმით ვიღაც რომ არ მოგეწონება, არამედ გამოცდებით და პროფესიონალური უნარ-ჩვევების ობიექტური შეფასებით. ისევე, როგორც ჩვენი ხელისუფლების დროს იღებდნენ ადამიანებს ჩვენს უწყებებში. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცდებს ეროვნული საგამოცდო ცენტრი ატარებდა ისე, რომ კაციშვილმა არ იცოდა, აპლიკანტი ვინ იყო“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამ განცხადებით გრიგოლ ვაშაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გადასახადების შემცირების პარალელურად, როგორ აპირებს ის მასწავლებელთა ხელფასების 1 000 ლარამდე, პენსიების კი 400 ლარამდე გაზრდას; საიდან აპირებს თანხების მოტანას, რადგან ამ ამოცანის შესასრულებლად, მას დამატებით, დაახლოებით, 2,2 მილიარდი ლარის მობილიზება დასჭირდება.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა ბიუჯეტის თანხები სრულიად უაზროდ იხარჯება.

„პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფოს კმაყოფაზე არ იმყოფება; 2016 წელს, განათლების სამინისტროში 684 ადამიანი მუშაობდა. არ ვამბობ, რომ ეს ბევრია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბიუროკრატიის რაოდენობა საქართველოში კატასტროფაა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან სასწრაფოდ უნდა მოიჭრას ყველა ის ფუფუნება, რომლის გარეშეც შეგვიძლია, ვიყოთ.

„მაგალითად, ხვნა-თესვაზე 400 მილიონი დაიხარჯა და ამის შედეგი იცით? არის ნული. არაფერი არ მოხდა, რადგან გლეხს არც საწვავი აქვს, არც სათესლე მასალის ფული, არც შხამ-ქიმიკატების და თავის 0,3 ჰექტარზე ტრაქტორსაც ვერ ატრიალებს. ამიტომ, როცა გვეკითხებიან, ხელფასებს და პენსიებს როგორ გავზრდით, აი, ასე გავაკეთებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.