გორის სასამართლოში მალხაზ კობაურისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება
გორის რაიონულ სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე ჩანიშნულია ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, სადაც მოსამართლე მის სასჯელს გამოაცხადებს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე პროკურატურა მხარს დაუჭერს მალხაზ კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას.
მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ არ უნდოდათ, სასჯელის შესახებ გორის სასამართლოს ემსჯელა. მათი მოთხოვნა იყო, სასჯელი ნაფიც მსაჯულებს გამოეტანათ, რაც არ გაითვალისწინეს. ამის გამო, ადვოკატი ვარაუდობს, რომ გორის რაიონული სასამართლო უმკაცრეს ზომას გამოიყენებს, რაც არის უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.
„ნებისმიერ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგანაც საქმეში მრავალი პროცესუალური დარღვევაა. თუნდაც, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა, ბრალდებულის დაცვის უფლების დარღვევა“, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში.