Google-ის თანამშრომლები სექსუალური ზეწოლის, რასიზმისა და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქციებს მართავენ
ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის აზიურ ფილიალებსა და კონტრაქტორ კომპანიებში დასაქმებული ასობით ადამიანი ოფისებში არსებული სექსუალური ზეწოლის, რასიზმისა და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ დღეს ქუჩაში გამოვიდა. თუმცა ეს მხოლოდ საპროტესტო ტალღის მცირე ნაწილია.
აქციის ორგანიზატორები მულტინაციონალური კომპანია Google-ის მსოფლიოს მასშტაბით არსებული ოფისებიდან კიდევ ათასობით თანამშრომლის გამოსვლას ელოდებიან.
ოთხშაბათს გავრცელებულ საპროტესტო მოწოდებაში აქციის ორგანიზატორებმა Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ს მოუწოდეს, რომ დირექტორთა საბჭოს წევრად დასქმებულთა წარმომადგენელიც დაამატოს. ორგანიზატორებს კიდევ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ, პირველი – მენეჯმენტმა კომაპნიის შიგნით საჯარო გახადოს ინფორმაცია, თუ რამდენად თანაბრად ნაწილდება ხელფასები გენდერულ და ეთნიკურ ჭრილში; მეორე – Google-ის ადამიანური რესურსის მართვის სამსახურმა სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე უფრო სამართლიანი რეაგირება მოახდინოს. ამასთან, გამოაქვეყნოს დაფიქსირებული ზეწოლის სტატისტიკა და შეწყვიტოს კომპანიის შიგნით სექსუალური ზეწოლის ფაქტის მოგვარება იძულებითი არბიტრაჟის გზით.
Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ თანამშრომლების მოთხოვნები კონსტრუქციულია და კომპანია მუშაობს, რათა ეს იდეები საქმედ აქციოს.
Alphabet-ში დღეის მდგომარეობით 94 ათასი კაცია დასაქმებული, კიდევ ათობით ათასი ადამიანი კომპანიის კონტრაქტორ კომპანიებში ირიცხება. ამდენი ადამიანის პროტესტმა კომპანიის აქციების ფასი უკვე საგრძნობლად დააზარალა. თუმცა, ტექნოლოგიური გიგანტის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ზარალი მეტი იქნება მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, რადგან Alphabet-ს გაუჭირდება სამომავლოდ თანამშრომლების დაქირავება და შენარჩუნება.
დემონსტრაცია გასულ კვირაში ამერიკულ გამოცემა New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა. სტატიის მიხედვით, 2014 წელს Google-მა კომპანიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ენდი რუბინს, რომელიც სექსუალური ზეწოლის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვეს, 90 მილიონი დოლარის მოცულობის საკომპენსაციო პაკეტი მისცეს. მართალია რუბინმა უარყო სტატიაში მოყვანილი ყველა ბრალდება და კომპენსაციის დასახელებული ციფრსაც „მეტისმეტად გადაჭარბებული“ უწოდა, მაგრამ თავად Google-მა სტატია არ გააპროტესტა.
ამან კიდევ უფრო გაამწვავა კომპანიის შიგნით უკვე აგორებული უკმაყოფილების ტალღა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და თანამშრომლებში უმცირესობის წარმომადგენლებისა და გენდერული დისკრიმინაციის ნიადაგზე წლობით დაგროვებულმა წყენამ განაპირობა.
ხუთშაბათს კომპანიის თანამშრომლებმა სოციალურ მედიაში საპროტესტო გამოსვლა დააანონსეს.
თავისი არსებობის ოცი წლის მანძილზე Google-ი მსოფლიოს მასშტაბით თანაშრომლების მიმართ უკიდურესად გამჭვირვალე პოლიტიკით იყო ცნობილი. აღმასრულებელი რგოლის ყველა მიზანი და გადაწყვეტილება კორპორაციის სტრატეგიაზე დასაქმებულებისთვის სრულიად ხელმისაწვდომი იყო.
თუმცა აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კომპანიის მენეჯმენტი სექსუალური ზეწოლის წინააღმდეგ გასულ წელს წამოწყებული გრანდიოზული აქციის [რომელიც ცნობილია სახელწოდებით „მეც“ -#metoo] მიუხედავად, არ ჩქარობდა სტრუქტურულ ცვლილებებს სისტემური რასიზმისა და სექსუალური ზეწოლის შესაჩერებლად.