გოლი, საგოლე და წამოწყებული შეტევა - კვეკვესკირის „ლეხმა“ მოიგო და ბათუმის „დინამოს“ შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხის“ თურქულ შეკრებაზე თავის გამოჩენა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა.

საქართელოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი, პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერი პოზნანის „ლეხი“ ბელეკში პირველ საკონტროლო შეხვედრაში ჩეხურ „ოსტრავას“ შეხვდა, სადაც ნიკამ გოლი გაიტანა („ლეხმა“ 4“2 მოიგო),

ახლა პოლონელები ჩრდილოეთ მაკედონიურ „შკუპის“ დაუპირისპირდნენ – 29 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა 33-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, 38-ე წუთზე კუთხური ჩააწოდა და მისმა თანაგუნდელმა, ანტონიო მილიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 54-ე წუთზე გუნდის მესამე საგოლე გადაცემაში მონაწილეობდა.

საბოლოოდ, პოზნანის „ლეხმა“ ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერი „შკუპი“ 4:1 დაამარცხა. გუნდი შეკრებაზე კიდევ ორ სპარინგ-მატჩს გამართავს და ესეც საინტერესოა – ხუთშაბათს, 20 იანვარს კვეკვესკირის გუნდი ბათუმის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო შაბათს, 22 იანვარს – სლოვენიურ „მურას“.

პოლონური კლუბის ვებგვერდის ცნობით, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ „ლეხი“ კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს – კვეკვესკირის გუნდი საგაზაფხულო რაუნდის დაწყებამდე ბერლინში ბუნდესლიგელ „ჰერტას“ შეხვდება შემდეგ კი პოლონეთის პირველი ლიგის „ლეგნიცასთან“ ითამაშებს. თუმცა პრეს-სამსახურის განმარტებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, გერმანიის დედაქალაქში დაგეგმილი მატჩი შესაძლოა გაუქმდეს.