დღეს, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი კალანდაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ პრესკონფერენცია გამართეს.
დიმიტრი კალანდაძის თქმით, გამგეობამ პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის მოთხოვნა გაითვალისწინა – რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა და ის 30 იანვრის ნაცვლად, 24 თებერვალს გაიმართება:
„საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სახელზე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის – ბაჩო ხურციძის და ირაკლი აბუსერიძის განცხადება შემოვიდა. გამგეობის სხდომა გუშინ ჩატარდა და იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს თავიანთი კამპანიის ჩასატარებლად მეტი დრო ჰქონდეთ, წესდებით გათვალისწინებულ ვადებში, მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნების 24 თებერვალს გადატანის გადაწყვეტილება“.
რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ არჩევნების ვადის გადაწევის შესახებ დამატებითი განმარტება გააკეთა:
„ხურციძეს დოკუმენტების გაცნობა, ხოლო აბუსერიძეს საარჩევნო კამპანიის სრულყოფილად წარმართვა სურდა და ამისათვის დრო არ ეყოთ. გამგეობის წევრთა ნაწილი არჩევნების გადატანას არ ემხრობოდა. მათ მივმართე თხოვნით, რომ განცხადება დაკმაყოფილებულიყო, რათა გავაქარწყლოთ ჭორები, თითქოს რაგბის სამყაროში განხეთქილებაა.
ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო, ასე იქნება მომავალშიც და თუ ამ პერიოდში მეტი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, ჩვენ ამისათვის მუდამ მზად ვართ“.
გოჩა სვანიძემ კითხვაზე, ხომ არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას, უპასუხა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვეტერანი მორაგბეების, ზურაბ დუგლაძისა და სანდრო საკანდელიძეს განცხადებასაც გამოეხმაურა:
„ნაკრებთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმებით და მათი საგარანტიო წერილით, ბანკიდან ავიღეთ სესხი. მე ამ ბიჭებს დიდ პატივს ვცემ და მოვუწოდებ, რომ მობრძანდნენ კავშირში და თავად გაეცნონ ყველანაირ ფინანსურ დოკუმენტს.
საკანდელიძე ამ სფეროში მართლაც ძლიერი სპეციალისტია და თავის დროზე მას უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შევთავაზე, რაზეც მან უარი განაცხადა. სამწუხაროდ იკვეთება ადამიანების კატეგორია, რომლებიც მხოლოდ არჩევნების დროს აქტიურდებიან. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და მითქმა-მოთქმებს სჯობს ყველა დაინტერესებული მხარე მოვიდეს და პირადად გაეცნოს დოკუმენტებს“.