გიოტებორგს ხარაიშვილის დუბლმაც ვერ უშველა
გიოტებორგს ხარაიშვილის დუბლმაც ვერ უშველა

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში კიდევ ერთი კარგი თამაში ჩაატარა – „გიოტებორგის“ ქართველმა ლეგიონერმა გასვლაზე „ჰამარბიუსთან“ დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

გიორგიმ პირველი გოლი მე-17 წუთზე გაიტანა, როდესაც მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ. კარის წინ დარჩენილი ხარაიშვილის პირველი დარტყმა „ჰამარბიუს“ მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ქართველმა მიზანს მაინც მიაღწია. გიორგიმ დუბლი 57-ე წუთზე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით შეასრულა და სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა – 4:2. მე-60 წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, შეხვედრა კი შეუცვლელად ჩაატარა.

ქართველის დუბლმა „გიოტებორგს“ არ უშველა. ხარაიშვილის გუნდი 6:2 დამარცხდა და მეექვსე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „ჰამარბიუ“ მესამეზე დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილმა ბოლო სამ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო სულ 22 მატჩში თავი 7 გოლით გამოიჩინა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ ცენტრალურ თავდამსხმელს, რობინ სოდერს (11 გოლი) ჩამორჩება.