გიორგი ყრუაშვილი - 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალის მსაჯობა პატარა ქვეყნის წარმომადგენლისთვის დიდი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT
გიორგი ყრუაშვილი - 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალის მსაჯობა პატარა ქვეყნის წარმომადგენლისთვის დიდი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT

უეფა-ს გადაწყვეტილებით, 6 ივნისს, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

გიორგი ყრუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უეფა-ს გადაწყვეტილება მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა.

„ჩემთვის ეს დანიშვნა დიდ წარმატებაა. დაფასდა ის შრომა, რაც აქამდე ჩემ კოლეგებთან ერთად გავიარე. ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმატებაცაა, რადგან ფინალში ქართული ბრიგადის დანიშვნა უეფა-ს გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ჩემი შრომით ვერ მივაღწევდი, რომ არ ყოფილიყო სფფ-ს კონტაქტი ფიფა-სთან და უეფა-სთან, გაცვლითი პროგრამები და სემინარები“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ყრუაშვილი.

35 წლის არბიტრი ფიფა-ს სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა და ისტორიაში მეორე ქართველი მსაჯი გახდა, რომელსაც ფიფა-ს მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ გიორგი ყრუაშვილმა, ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად, უეფა-ს ეგიდით გამართული სხვადასხვა დონის შეხვედრებზე იმუშავა, მათ შორის უეფა-ს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. გიორგი ყრუაშვილი არ მალავს, რომ ფინალამდე ნერვიულობს.

„ევროპის ჩემპიონატის ფინალი რთული მატჩი იქნება და რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, ფინალი ორ დღეშია, ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა ისეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენლისთვის, როგორიც საქართველოა. ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის და დიდი პასუხისმგებლობა“.

მისი თქმით, საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო მატჩებში გარკვეულ სირთულეებს აწყდება.

„განსხვავებაა სისწრაფეებში, მიდგომებში, ურთიერთობაში, მსაჯებისადმი დამოკიდებულებაში. ორი ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი ვიმსაჯეთ, მეორე მეოთხედფინალში ვიმუშავეთ. ასეთ ტურნირზე მსაჯობა სხვა განცდა და სტიმულია. ამ დონეზე ასვლაში დამეხმარნენ ზუსტად ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელები, მწვრთნელები, კოლეგები, მსაჯთა დამკვირვებლები. მათი რჩევების და ურთიერთობის გარეშე, რა თქმა უნდა, ამდენს ვერ მივაღწევდი. ჩემი აზრით, ეს ამბავი ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ფეხბურთისთვის და იმას უსხვამს ხაზს, რომ უეფა და ფიფა ქართულ ფეხბურთს ენდობა“.

დატოვე კომენტარი