ისტორიაში პირველად - ქართველი მსაჯები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებენ #1TVSPORT
ისტორიაში პირველად - ქართველი მსაჯები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებენ #1TVSPORT

ისტორიაში პირველად, კონტინენტის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ეს მატჩი 6 ივნისს სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გაიმართება. 2021 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილია.

ქართველმა მსაჯებმა ევრო 2021-ზე ფინალურ მატჩამდე სამ შეხვედრაზე იმუშავეს. გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადა ჯგუფურ ეტაპზე, ესპანეთი-ჩეხეთისა და ინგლისი-შვეიცარიის მატჩებს მოემსახურა, მეოთხედფინალში კი, ესპანეთისა და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება განსაჯა.

​გიორგი ყრუაშვილი ფიფა-ს სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა და ისტორიაში მეორე ქართველი მსაჯი გახდა, რომელსაც ფიფა-ს მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ გიორგი ყრუაშვილმა, ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად, უეფა-ს ეგიდით გამართული სხვადასხვა დონის შეხვედრებზე იმუშავა, მათ შორის უეფა-ს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.