გიორგი ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აგრესია და ოკუპაცია რუსეთმა განახორციელა, მაგრამ შიგნიდან კარი მიხეილ სააკაშვილმა გაუღო
ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აგრესია და ოკუპაცია რუსეთმა განახორციელა, მაგრამ შიგნიდან კარი მიხეილ სააკაშვილმა გაუღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ჰააგაში მიმდინარე დავას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით ადგილი ცრუპენტელობას აქვს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ სამხედროებში არასწორი ინფორმაცია შეიტანონ, თითქოს, მათ რაიმე ემუქრებათ.
„სალომე ზურაბიშვილის მიმართ ყოფილი სამხედროს მუქარაც იგივე თემას ემსახურება, რათა მთლიანობაში თითქოს დაპირისპირების სურათი შექმნან „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატსა და სამხედროებს შორის. ეს არა მხოლოდ სიცრუეა, არამედ ჰააგაში დაშვებული შეცდომების გადაფარვისა და გამოსწორების სურვილია, რასაც შეფუთვას მეჩითოვის არაადეკვატური განცხადებებით უპირებენ. ეს რეალობაა, რომელსაც თვალი ყველა სამხედრომ უნდა გაუსწოროს და ის თანამებრძოლები გაიხსენონ, რომლებიც ხელისუფლებამ ველზე დახოცილები მიატოვა. ეს მათი სახეა, რის გადაფარვაზეც მუშაობა მიდის. მეჩითოვი არაადეკვატური რომ იყო, მინისტრის მოადგილე იმიტომ აღარ არის, სრულ სისულელეს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში რუსეთი არ იყო ჩარეული. მისი განცხადება სრულიად არაადეკვატურია. თუმცა ბევრი სულელი მხარს ვაშაძესაც უჭერს და იმას არ ვკადრულობთ, რომ გამოვიდეთ და ვაშაძე ამის გამო გავაკრიტიკოთ. გრიგოლ ვაშაძეს განსაკუთრებული ცოდვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც ომის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება და მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლი ჰქვია. ვაშაძე გვარწმუნებდა, რომ ვითარებას ორ საათში მოაგვარებდნენ და მოსკოვში იწვევდნენ იმის გასარკვევად, კოკოითი ასეთ პროვოკაციას რატომ სჩადიოდა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.