გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტს შეუძლია, მოწოდებებიდან გადავიდეს ქმედებებზე, რომელიმე ქვეყანაში თუ არ უშვებენ, ოპოზიცია გავუკეთებთ შეხვედრებს
გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტს შეუძლია, მოწოდებებიდან გადავიდეს ქმედებებზე, რომელიმე ქვეყანაში თუ არ უშვებენ, ოპოზიცია გავუკეთებთ შეხვედრებს

პრეზიდენტს შეუძლია, შეგონებებიდან და მოწოდებებიდან გადავიდეს ქმედებებზე. რომელიმე ქვეყანაში თუ არ უშვებენ, ოპოზიცია გავუკეთებთ შეხვედრებს, თუ მართლა უნდა. შეგვიძლია, ერთობლივიც გავაკეთოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ შეაფასა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც მათ შორის პრეზიდენტი საუბრობს, რომ სურდა რამდენიმე ქვეყნაში ჩასვლა, მაგრამ მოგზაურობაზე უარი მიიღო.

როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, ოპოზიცია გადასულია ქმედებებზე, რათა ყველაფერი გააკეთონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

„პრეზიდენტს შეუძლია, შეწყალების მექანიზმები გამოიყენოს. მას ბევრი რამ შეუძლია. დამერწმუნეთ, მართალია, კონსტიტუციაში მინიმალური უფლებებია დატოვებული პრეზიდენტისთვის, მაგრამ მაინც არის ასეთი უფლებამოსილებები. ამიტომ ვფიქრობ, ორი კვირა რომ არის დარჩენილი, რა ვქნათ, კიდევ მოვუწოდოთ, შევაგონოთ ერთმანეთს, თუ ქმედებებზე გადავიდეთ. ჩვენ მაგალითად, ოპოზიცია ქმედებებზე ვართ. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ალდეს სამიტზე რეზოლუცია დააინიცირა, ხვალ რეგიონალურ ტურნეს ვიწყებთ, კიდევ მივდივართ ბრიუსელში, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ახლა ნომერ პირველი ამოცანაა, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, მთლიანად დასავლეთში გაიმიჯნოს ერთმანეთისგან საქართველო, როგორც სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთ მხარეს, მეორე მხარეს „ქართული ოცნება“. ეს უნდა იყოს პრეზიდენტის გზავნილიც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.