გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ჩვენება ფიზიკური ზეწოლის შედეგად დააწერინეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ჩვენება ფიზიკური ზეწოლის შედეგად დააწერინეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა მოითხოვს, რომ მისი შვილი ხელმეორედ დაკითხონ. როგორც დაკავებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, დაკითხვისას მის შვილს ერთმა პოლიციელმა ჩაარტყა ზურგსა და თავში, რათა სასურველი ჩვენება მიეღო.

„ჩემს შვილს დაკითხვის დროს პოლიციელებმა დაარტყეს, რაც ჩვენ გვინდა, ის უნდა დაწეროო. ეუბნებოდნენ, დაწერე ვინ დაინახეო, ვინ გარბოდაო, სახელებს და გვარებს კარნახობდნენ და თვითონ წერდნენ. 16 საათი იყო ბავშვი დაკითხვაზე. ჩვენებაში არასწორი რაღაცები ჩაწერეს. იმ დონეზე ვიყავი მე სიმართლის გარკვევაში, რომ გამოძიებისთვის ხელი არ შემიშლია. პოლიციამ სცემა და სახეზე ვიცი, ვინც არიან. ეუბნებოდნენ, ჩვენ ვიცით სიმართლეო და თუ არ დაწერო, ცუდად შემოგიტრიალდებაო. პოლიცია ედავებოდა შენ ეს უნდა დაგენახაო, ბავშვი ეუბნებოდა არ დამინახავსო და შემოარტყა ხელი კეფაში, მეორედ კიდევ ზურგში. ერთი პოლიციელი ურტყავდა და რამდენიმე კიდევ უყურებდა. იმხელა ფსიქოლოგიური სტრესი იყო. 16 საათი დაკითხვაზე იყო ჩემი შვილი, მერე პოლიციის უფროსს დავურეკე და ვუთხარი, რატომ მიცემეთ ტყუილად შვილი-მეთქი. არ იძახდა ბავშვი ტყუილს და რატომ დაარტყით-მეთქი“, – განაცხადა დაკავებულის მამამ.

მისივე განცხადებით, დაკავებული არასრულწლოვანი დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

„ჩემი შვილი ნახალოვკელების მხრიდან იყო. დაბადების დღეზე იყო, იქიდან მთვრალი წამოიყვანეს, მანქანაში ეძინა და რომ მიტრიალდნენ კიდევ ეძინა მანქანაში. ავტობანზე გაიღვიძა, ჩემს შვილს დასახმარებლად არავისთვის დაურეკავს. მხოლოდ მაშინ გადავიდა მანქანიდან, როდესაც გაიქცნენ ბიჭებისკენ, ჩემი შვილი გაყვა ამ დროს. ბიჭებმა რომ მიირბინეს, ჩემი შვილი უკან წამოვიდა. ჩხუბით არავინ ჩხუბობდა. დაკითხვისას მე იმ დაღუპულზე ვფიქრობდი, მოხვდეს ჩემს შვილს, ოღონდ სიმართლე თქვას-მეთქი. ხელი არ შემიშლია გამოძიებისთვის, გავჩერდი. მეც დაინტერესებული ვარ, ის ბიჭი როგორ დაიღუპა. თუ დასასჯელია ჩემი შვილი პირველი დაისაჯოს. ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩვენება არასწორად არის ჩამორთმეული და სწორი ჩვენება რომ ჩამოართვან“, – განაცხადა დაკავებულის მამამ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ფიზიკური ზეწოლა მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვის დროს, თუ დადასტურდება რამე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცველის მხრიდან, ქმედებას შესაბამისი შეფასება მიეცემა.