ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი არასრულწლოვანია
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი არასრულწლოვანია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ფიზიკური ზეწოლა მოხდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არასრულწლოვანია და მის დაკითხვას მშობელიც ესწრებოდა.

„მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. რა თქმა უნდა, ის არანაირ ქმედებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ. ბრალის წარდგენის ვადა არის 48 საათი, როდის წარედგინება ბრალი არ ვიცი. ის დააკავეს სსკ-ის 225-ე მუხლითა და 143-ე მუხლით, მას ედავებიან ჯგუფურ ძალადობას და ორგანიზებას, რაც იმას ნიშნავს რომ მან ორგანიზება გაუკეთა სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო წარმომადგენლის წინააღმდეგ რბევას, იარაღის გამოყენებით, რომ იძალადა და მიიღო მასში მონაწილეობა. ეს არის აბსურდი, მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ჩხუბში და არც ერთ ძალადობაში. მას ასევე არავინ გაუტაცია, მას ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ასევე გეტყვით, რომ არც „ტოიოტას“ მარკის მგზავრების მხრიდან არ მომხდარა იმ მოწმის გატაცება, რომელსაც აფასებენ ოქრის მოწმედ, ამირხანაშვილი, რამდენადაც ვიცი, ჩვენებაში ადასტურებს, რომ მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია. არის ვიდეო კადრებიც, სადაც ჩანან „ტოიოტას“ მგზავრები, არც ერთს არ ჰქონია არანაირი ნივთი. მე თვითონ ჩვენებაც კი არ ვიცი, რა აქვს მიცემული ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს. სამწუხაროდ, როგორც ის საუბრობს, ჩვენების მიცემის დროს განხორციელდა ზეწოლა, ფიზიკური ზეწოლა პოლიციელების მხრიდან, იგი არის არასრულწლოვანი. გამოკითხულია მშობელთან ერთად, თუმცა ამ დაკითხვას არ ესწრებოდა ადვოკატი., აქედან გამომდინარე ის საუბრობს ზეწოლაზე. პოლიციელების მხრიდან, მასზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, პოლიციელების მხრიდან. როგორც ის იძახის, მას მოხვდა თავში და ზურგში, ამას მშობელიც ესწრებოდა და ამას ადასტურებს მშობელიც. მცხეთის რაიონულ პოლიციაში განხორციელდა ეს ზეწოლა, გამოკითხვის დროს, რომელიც იყი ორი სამი დღის წინ“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი 14:00 საათზე გაკეთდება.