გიორგი ნემსაძე ქართველებიდან პირველი იყო, ვინც იტალიაში ითამაშა, შოტლანდიაში კაპიტანი გახდა და ცსკა-ზე უარი თქვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 10 მაისს 50 წლის გახდა.

ნემსაძეს გამორჩეული კარიერა ჰქონდა. პროფესიულ დონეზე თამაში საქართველოს წამყვან კლუბ თბილისის „დინამოში“ დაიწყო და პირველი მატჩი 1989 წელს სსრკ-ის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 16 წლის ასაკში ჩაატარა.

1990 წლიდან საქართველოს ჩემპიონატის ორი სეზონი თბილისის „იბერიაში“ (მაშინ ასე დაარქვეს თბილისის „დინამოს“), შემდეგ ლანჩხუთის „გურიაში“, „შევარდენი-1906-ში“ ჩაატარა. შემდეგ „დინამოში“ დაბრუნდა. 1995 წელს გადავიდა გერმანიის რეგიონული ლიგის კლუბ „ჰომბურგში“. 1996 წელს ჩაირიცხა თურქულ „ტრაბზონში“, ერთი წლის შემდეგ კი შვეიცარიულ „გრასჰოპერსა“ და „ციურიხში“ გამოდიოდა.

გიორგი იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიაში ითამაშა – 1999/2000 წლების სეზონში ის გამოდიოდა იტალიის სერია B-ის კლუბ „რეჯანაში“. 2000 წელს დაბრუნდა საქართველოში, თამაშობდა დედაქალაქის „ლოკომოტივში“, 2000 წლის ზაფხულში კი გადავიდა შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“, სადაც ოთხი წელი ითამაშა და კაპიტანი გახლდათ. კარიერა 2004/2005 წლების სეზონში მშობლიურ თბილისის „დინამოში“ დაასრულა.

თითქმის ყველა გუნდში ნემსაძეს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა – „დინამოში“, „დანდიში“, საქართველოს ნაკრებში კაპიტანი იყო. საკლუბო დონეზე სსრკ-ის, საქართველოს, გერმანიის, თურქეთის, შვეიცარიის, შოტლანდიის და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ოფიციალურ ტურნირებზე, ითამაშა 386 მატჩი, გაიტანა 44 გოლი.

საქართველოს ნაკრებში 1992 წლიდან 2004 წლამდე თამაშობდა და მის შემადგენლობაში ჩაატარა 69 მატჩი. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს მოსკოვის ცსკა-ში თამაშზე უარი პრინციპულად თქვა – მიუხედავად იმისა, რომ მოსკოველები გაცილებით მეტ თანხას სთავაზობდნენ, ვიდრე შვეიცარიული კლუბები.

ნემსაძეს და მის თაობაში ბევრ ფეხბურთელს უფრო მაღალ დონეზე თამაშიც შეეძლო, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის სამწლიანმა იზოლაციამ გიორგიზეც ცუდად იმოქმედა და მაშინდელი თაობის ვარსკვლავური პოტენციალის ბევრ ფეხბურთელზეც.

 

გიორგი ნემსაძის მიღწევები:

საქართველოს ჩემპიონი (5): 1990, 1991, 1994, 1995, 2005

შვეიცარიის ჩემპიონი: 1998

საქართველოს თასის მფლობელი (4): 1994, 1995, 2000, 2004

1993 წელს საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი.

საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (2): 2000, 2004

გერმანიის მესამე დივიზიონის ბრინჯაოს მედალოსანი: 1996