გიორგი ლორიამ იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან მოგება გაიხსენა - ვიცოდით, როგორ გვეთამაშა #1TVSPORT
გიორგი ლორიამ იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან მოგება გაიხსენა - ვიცოდით, როგორ გვეთამაშა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ, კვიპროსულ ტელეკომპანია Cablenet-ის შოუში ნოემბერში კოსოვოსთან და შვედეთთან მოგებული შეხვედრები გაიხსენა.

„ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. კოსოვოსთან და შვედეთთან ძალიან კარგად ვითამაშეთ. კოსოვო იოლად დასაძლევი მეტოქე არ არის, მასში უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. მათთან რთული შეხვედრები გვქონდა, განსაკუთრებით – სახლში. მეორე მატჩი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან ჩავატარეთ. ჩვენ შემთხვევით არ მოგვიგია, ვიცოდით, როგორ გვეთამაშა“, – განაცხადა ლორიამ.

ქართველმა მეკარემ „ანორთოსისის“ კონფერენციის ლიგის ჯგუფში გამოსვლაზე ისაუბრა:

„ჩვენმა კლუბმა ევროპული ტურინის ჯგუფში თამაშის უფლება 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ბევრი პრობლემა გვქონდა, იყო შემთხვევები, გუნდის თითქმის ნახევარი მომზადების დროს დავკარგეთ, მაგრამ ვეცადეთ, ძალა ვიპოვეთ და ჯგუფებში მოხვედრა მოვახერხეთ“.

ლორიამ ამ ისტორიაში საკუთარი წვლილი მოკრძალებულად შეაფასა და „პარტიზანთან“ დარჩენილ ბოლო შეხვედრაზეც ილაპარაკა, რომლის მოგების შემთხვევაშიც ფამაგუსტელები ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გავლენ:

„მთავარ გმირად თავს არ ვთვლი. ეს იყო დიდი წარმატება არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ ინდივიდუალურად ჩვენთვისაც. ბედნიერი და ამაყი ვარ. ყველაფერი გასაგებია. თუ გავიმარჯვებთ და „ფლორა“ „გენტთან“ ვერ მოიგებს, შემდეგ ეტაპზე გავალთ. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, სხვა გზა არ გვაქვს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რადგან შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად მხოლოდ სამი ქულა გვაწყობს. ბელგრადში სიცივე იქნება, შესაძლოა, ტემპერატურა მინუსებამდეც დაეცეს, მაგრამ მოგება ყველასთან შეიძლება“.