გიორგი ხელაშვილი - სენატში შეტანილი რეზოლუციას ხელს აწერს სამი სენატორი, რომლებიც საქართველოთი ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული
გიორგი ხელაშვილი - სენატში შეტანილი რეზოლუციას ხელს აწერს სამი სენატორი, რომლებიც საქართველოთი ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული

აშშ-ის სენატში შეტანილი რეზოლუციის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ხელს აწერს სამი სენატორი, რომლებიც საქართველოთი ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული და ყველაზე დიდ ავტორიტეტს წარმოადგენენ სენატში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ხელაშვილმა სენატორ რონ ჯონსონის, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, ძირითადი გზავნილია, რომ სენატორები 19 აპრილის შეთანხმებას დადებითად აფასებენ.

„ძირითადი გზავნილი იყო ის, რომ ისინი 19 აპრილის შეთანხმებას აფასებენ ისტორიულ შეთანხმებად. ეს ნათლად იკვეთებოდა ამ რეზოლუციაში და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, ასევე მთავრობას, შეასრულონ ეს შეთანხმება, რომელიც უნდა გახდეს გარდამავალი ეტაპი, ახალი საწყისი საქართველოში დემოკრატიის განვითარების და ევროატლანტიკური კურსის გაგრძელების. ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა ძალიან გასახარი, კარგი დოკუმენტია, რადგან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის კონგრესისთვის, სენატისათვის საქართველოს დემოკრატიას და საქართველოს განვითარებას“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულად სენატორი რიში ყველაზე კრიტიკულად არის დღევანდელი მთავრობის მიმართ განწყობილი.

„რამდენადაც მახსოვს, ეს იყო სენატორ რიშის პირადი კომენტარი ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით და გასაგები. სენატორი რიში ყველაზე კრიტიკულად არის დღევანდელი მთავრობის მიმართ განწყობილი და რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ აცდენა იყო ევროატლანტიკურ კურსთან, თუმცა ახლა ის აცხადებს, რომ საქართველო მყარად დგას ამ პროდასავლურ კურსზე, რაშიც სხვას არავის ეჭვი არ შემიტანია“, – აცხადებს გიორგი ხელაშვილი.

აშშ-ის სენატში სენატორ რონ ჯონსონის ავტორობით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს. ამასთან, ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს მოუწოდებენ, დაიკავონ პარლამენტში ადგილები და დაიწყონ მუშაობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე