გიორგი ხარაიშვილი შვედეთში გამოარჩიეს - თითქმის იდეალური შეფასება ჩემპიონთან [ვიდეო]
გიორგი ხარაიშვილი შვედეთში გამოარჩიეს - თითქმის იდეალური შეფასება ჩემპიონთან [ვიდეო]

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ალსვენსკანის (უმაღლესი ლიგა) მეექვსე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და მისმა თამაშმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

„გიოტებორგის“ 22 წლის ნახევარმცველმა აიკ-თან 45+1-ე წუთზე ანგარიში ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა, 65-ე წუთზე კი მის მიერ განვითარებული იერიში პატრიკ ლარსონ-ლაგემურმა მეორე გოლით დააგვირგვინა. მარტო ეს არ იყო აღსანიშნავი – ხარაიშვილი მთელი შეხვედრა შესანიშნავად გამოიყურებოდა. გოლამდე აიკ-ის მეკარემ ქართველის დარტყმული ბურთი კარის „ცხრიანიდან“ მოხსნა. საბოლოოდ, „გიოტებორგმა“ ჩემპიონი ანგარიშით 3:0 დაამარცხა, აიკ-ს გადაასწრო და 10 ქულით მეხუთე ადგილზე დაწინაურდა.


ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხარაიშვილი „სოფასქორმა“ (sofascore) არა მხოლოდ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, არამედ ქართველ სპორტსმენს ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა. საფეხბურთო სტატისტიკისა და ანალიზის გვერდმა, შვედეთის ჩემპიონ აიკ-თან შეხვედრის შემდეგ, 10-ქულიანი სისტემით ქართველი ფეხბურთელის თამაში ლამის იდეალურად, 9.9 ქულით შეაფასა. მსგავსი შეფასება კი ძალიან იშვიათია.