გიორგი კახიანი - 12 დეკემბრის ინციდენტზე შესაბამისი პირები თუ მიეცემიან პასუხისგებაში და სასამართლოც იმავეს მიიჩნევს, სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხიც დადგება
გიორგი კახიანი - 12 დეკემბრის ინციდენტზე შესაბამისი პირები თუ მიეცემიან პასუხისგებაში და სასამართლოც იმავეს მიიჩნევს, სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხიც დადგება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ თუ 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მომხდარი ინციდენტისას დადგინდა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაა, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კახიანი გამოკითხვაზე ენძელა მაჭავარიანის, კობა ლურსმანაშვილისა და სვეტლანა კუდბას და დაბარებას გამოეხმაურა.

„გარკვევა არ სჭირდება იმას, ეს თუ ვის მიერ მოხდა და ვინ გააკეთა. პარლამენტში ყველამ იცის, ვინ გააკეთა და ვის მიერ განხორციელდა, ეს სამარცხვინო ქმედება. გამოძიებას დაველოდოთ. თუ დადგინდა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაა, ცხადია, პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. ამ შემთხვევაში, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, რადგან ფაქტი, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა. ამ ყველაფერს სამართლებრივად თუ შევხედავთ, ფაქტია, რომ პარლამენტის კონკრეტული წევრები არ მოერიდნენ სხვების ჯანმრთელობასაც, ჩაიდინეს ისეთი ქმედება, რამაც რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენა ზიანი. რა ხარისხის იყო ეს ზიანი და რა სამართლებრივი გაგრძელება უნდა მოჰყვეს, ამას გამოძიება დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ამ ქმედებაში იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და შესაბამისი პირები მიეცემიან პასუხისგებაში, უკვე სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, რამდენად სწორი იქნება ბრალდება. თუ სასამართლოც იმავეს მიიჩნევს, ბუნებრივია, სადეპუტატო უფლებამოსილების თვალსაზრისით იგივე პროცედურა განხორციელდება, რაც აქამდე მომხდარა, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ კონკრეტული დეპუტატის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ამას მოჰყვა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის სხდომაზე ნივთიერების გაშვების ფაქტზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს დეპუტატები კობა ლურსმანაშვილი და ენძელა მაჭავარიანი გამოკითხეს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში 12 დეკემბერს, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით კი, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი