გიორგი კახიანი - მამუკა ბახტაძის სახით ქვეყანას ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი ეყოლება
უმრავლესობა მთავრობას დღეს ნდობას გამოუცხადებს, მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა განუცხადა.
მისი თქმით, შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა სამინისტროების რაოდენობის შემცირების გათვალისწინებით მოხდება.
„მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მოხდება. მამუკა ბახტაძემ ქვეყნის განვითარების თავისი ხედვა წარმოადგინა, მან პრიორიტეტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკის სფეროზე გაკეთდა. ეს ყველაფერი სწორი ხედვაა და ბახტაძის სახით, ქვეყანას ძალიან კარგი პრემიერი ეყოლება“, – განაცხადა კახიანმა.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.