გიორგი ივანიაძე - „ტორპედოს“ მეტოქე „სარაევო“ ძალიან ძლიერი გუნდია #1TVSPORT
გიორგი ივანიაძე - „ტორპედოს“ მეტოქე „სარაევო“ ძალიან ძლიერი გუნდია #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ივანიაძემ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა კონფერენსლიგაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქის, „სარაევოს“ შესახებ, რომელსაც ბოსნიის ჩემპიონატიდან კარგად იცნობს.

„„სარაევო“ ბოსნიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიანი და ძლიერი გუნდია, დიდი ისტორია აქვს და იოლი მეტოქე არ იქნება. „ტორპედოს“ ბოსნიაში თამაში გაუჭირდება, მაგრამ ქუთაისში სტუმრობა „სარაევოსთვისაც“ არ იქნება იოლი. „ტორპედოს“ წარმატებას ვუსურვებ“, – ამბობს გიორგი ივანიაძე.

ივანიაძემ „სარაევოს“ ქართველ თავდამსხმელზე, გიორგი გულიაშვილზეც ისაუბრა: „გიორგი „საბურთალოში“ ჩემი თანაგუნდელი იყო, ვიცნობ მისი შესაძლებლობებს და დარწმუნებული ვარ, ატმოსფეროსთან შეგუების შემდეგ გუნდში დიდ როლს ითამაშებს“.

ივანიაძემ ბოსნიური „ტუზლა“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, მაგრამ ჯერ ახალ კლუბში არ გადასულა: „გუნდთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, თუმცა ჩემი მენეჯერი და კლუბის პრეზიდენტი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც გუნდი დავტოვე. სეზონის ბოლოს „ტუზლადან“ ფინანსური დავალიანების გამო ბევრი ლიდერი წავიდა. არიან ჩემით დაინტერესებული კლუბები, მაგრამ ახალი ჯერ არაფერია“.

გიორგი ივანიაძე „საბურთალოს“ აღზრდილია. უთამაშია „შუქურაში“, „სამტრედიაში“, „შევარდენში“, „გაგრაში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „მერანში“, გორის „დილასა“ და ყაზახურ „კიზილ ჯარაში“. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.