გიორგი ივანიაძე - ბოსნიაში თამაშებს ევროპელები აკვირდებიან და წინსვლის მეტი შანსია #1TVSPORT
გიორგი ივანიაძე - ბოსნიაში თამაშებს ევროპელები აკვირდებიან და წინსვლის მეტი შანსია #1TVSPORT

ბოსნიურ „ტუზლაში“ გადასული გიორგი ივანიაძე იმედოვნებს, რომ ბალკანური ქვეყნის ჩემპიონატში თამაში ევროპის უკეთეს ლიგაში გადასვლაში დაეხმარება, – ამის შესახებ 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

„თურქეთში შეკრებაზე ყაზახურ „კიზილჯარასთან“ ერთად ვიყავი, როდესაც სერბი აგენტი დამიკავშირდა და ბოსნიაში წაყვანა შემომთავაზა. „ტუზლა“ კარგი გუნდია, გასულ წელს ევროთასებზე ითამაშა და, ბუნებრივია, წავედი. ყაზახურ კლუბთან კონტრაქტი მქონდა, მაგრამ ხელი არ შემიშალეს და კონტრაქტი გამიწყვიტეს. „ტუზლასთან“ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გავაფორმე.

ბოსნიის ჩემპიონატი საკმაოდ კარგი დონისაა და ისეთი ტურნირია, განვითარება, სწავლა და გაზრდა შეიძლება და, რაც მთავარია, ევროპაში „ტრამპლინად“ გამოდგება. მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატზე უკეთესი დონეა. ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ევროპაშია და აქაურ თამაშებს ევროპელი მენეჯერები მუდამ აკვირდებიან“, – ამბობს გიორგი ივანიაძე.

გიორგი ივანიაძემ კარიერა „საბურთალში“ დაიწყო, ასაკობრივ ნაკრებებში (13 მატჩი, 6 გოლი) ითამაშა და შემდეგ რამდენიმე კლუბის ფორმა მოირგო – ითამაშა „დილაში“, „სიონში“, „მერანში“, „გაგრაში“, „სამტრედიაში“, „შევარდენში“, „შუქურაში“, ბოლოს კი ყაზახურ „კიზილჯარაში“ გამოდიოდა.