გიორგი გახარია -„თიბისი ბანკი“ ქვეყნისთვის არის სისტემური ბანკი და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს
გიორგი გახარია -„თიბისი ბანკი“ ქვეყნისთვის არის სისტემური ბანკი და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ჩემი მხრიდან რაიმე კითხვები ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია მარეგულირებლის მიერ და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

მისივე თქმით, თუ კითხვა მიმართული იქნება მისკენ, როგორც ყოფილი ბიზნესომბუდსმენისკენ, შეუძლია თქვას, რომ „თიბისი ბანკი“ ქვეყნისთვის არის სისტემური ბანკი.

„ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ, ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, გიპასუხებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს „თიბისი ბანკის“ სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი. ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ამასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თიბისი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია „დენტონსმა“ (DENTONS) შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.