გიორგი გახარია - მართლმსაჯულების სისტემამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება სწრაფად
გიორგი გახარია - მართლმსაჯულების სისტემამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება სწრაფად

მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება სწრაფად, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

„უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ, ეს იყო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული. ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალზედ რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება გამოძიებაში იყოს წლობით. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის გამამართლებელი არ არის, თუმცა ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ყველა გარემოება ამ საქმის იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია, რომელიც ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში იქნება მიღებული.

ჩვენ დაველოდებით, ყურადღებით წავიკითხავთ და, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად, რადგან ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

დატოვე კომენტარი