გიორგი ჩიტაური - ფეხბურთელებმა ორივე შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლეს და ეს ძალიან მიხარია #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიტაურმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული მეორე მატჩი შეაფასა, რომელიც 1:1 დასრულდა.
„ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა. ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ. გამოჩნდა გუნდის მინუსებიც და პლუსებიც. ხარვეზებზე ყურადღებას გავამახვილებთ და მის გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. აღსანიშნავია, რომ ბიჭებმა ორივე შეხვედრაში ბოლო წამამდე იბრძოლეს და ეს ძალიან მიხარია“, – ამბობს გიორგი ჩიტაური.
28 თებერვალს ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქართველმა 16-წლამდელებმა 1:0 მოიგეს. ამ მატჩებით გიორგი ჩიტაურის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება განაახლა.
გუნდი ევრო 2024-ის საგზურისთვის შემოდგომაზე იბრძოლებს. საკვალიფიკაციო რაუნდში დანიას, ავსტრიასა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.