16-წლამდე ნაკრებმა მონტენეგრო მეორედ დაამარცხა - გონსალვეს-ჩუბინიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT
16-წლამდე ნაკრებმა მონტენეგრო მეორედ დაამარცხა - გონსალვეს-ჩუბინიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT

თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მონტენეგროს თანატოლთა ეროვნულ გუნდს მეორედ უმასპინძლა და მეტოქე ამჯერადაც დაამარცხა – 3:0.

პირველი შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდმა გიორგი მჟავანაძის გოლით – 1:0 მოიგო. მეორე მატჩში ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა მეტოქეს კიდევ უფრო დამაჯერებლად აჯობა და ბალკანელთა კარში 3 უპასუხო გოლი გაიტანა.

ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე ინგლისური „ბორნმუთის“ აკადემიის ფეხბურთელმა – გიორგი გონსალვეს-ჩუბინიძემ გახსნა, რომელმაც გიორგი ბედიანაშვილის გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე ტაიმში სხვაობა ორამდე შორეული დარტყმით რეზი დანელიამ გაზარდა, რომელმაც თავი 77-ე წუთზე გამოიჩინა.

85-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მილოშ მარაში გააძევა და ამით ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ ისარგებლა – 86-ე წუთზე, მათე-გიორგი ტატიშვილმა მონტენეგროელებს მესამედ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.